ჩვენ შესახებ
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2021
KIU Photo Contest

KIU ფოტოკონკურსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითაა ორგანიზებული და მიზნად ისახავს, საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით. ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს 18-დან 30 წლის ჩათვლით (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს). ფოტოკონკურსს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

კონკურსის თემაა „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.  მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში.

ფოტოკონკურსი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: პროფესიონალი ფოტოგრაფები, მოყვარული ფოტოგრაფები და ერთი კადრის კატეგორია. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები.

პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ხოლო მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს. შესაძლებელია, როგორც აწ უკვე დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტო პროექტების გამოგზავნა (დასრულებული ფოტო პროექტი გადაღებული უნდა იყოს გასული ხუთი წლის მანძილზე). ფოტო სერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი და ა.შ. მთავარია, რომ არ იყოს აცდენილი კონკურსის მთავარ თემას. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს.

ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს.

 

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 7 000 ლარი
III ადგილი – 4 000 ლარი

პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 7 000 ლარი
II ადგილი – 5 000 ლარი
III ადგილი – 3 000 ლარი

პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:
I ადგილი – 3 000 ლარი
II ადგილი – 2 000 ლარი
III ადგილი – 1 000 ლარი

ველით თქვენს საუკეთესო ნამუშევრებს!

Total: